logo
ENG



თსუ-ს პროფესორთა ნაწილი კაჭკაჭიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

10 აგვ 202022:02
3 წუთის საკითხავი
 
l0wrpk6fppcmw0m.jpg

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორები იაგო კაჭკაჭიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პროფესორები განმარტავენ, რომ აკადემიურ სივრცეში ავტოპლაგიატთან დაკავშირებით კონკრეტული რეგულაციები არ არსებობს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ის ფაქტი, რომ წიგნში მითითებული არ არის, რომ ის სადისერტაციო ნაშრომს ეფუძნება, ტექნიკური დეტალია და ავტოპლაგიატად ვერ კლასიფიცირდება.

„პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილი 1990-იანი წლებიდან ასწავლის სოციოლოგიის მიმართულებაზე და აქტიურად არის ჩართული სასწავლო და კვლევით საქმიანობაში. ის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია, რომელიც სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის სავალდებულო საკითხავ ტექსტებს წარმოადგენს; მათ შორისაა „სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც მის სადისერტაციო ნაშრომს ეფუძნება. მოგეხსენებათ, რომ სადისერტაციო ნაშრომები, ტრადიციულად, ხელნაწერის უფლებით სარგებლობდა და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოდიოდა პუბლიკაციის სახით. ამასთან, სანამ საქართველო ბოლონიის პროცესის ნაწილი გახდებოდა (2005 წელს) და უმაღლესი განათლების ევროპეიზაციის პროცესში ჩაერთვებოდა, ჩვენს აკადემიურ სივრცეში არ არსებობდა კონკრეტული რეგულაციები ავტოპლაგიატთან დაკავშირებით. შესაბამისად, ის, რომ წიგნში არ არის მითითებული ერთი წინადადება, რომ ის სადისერტაციო ნაშრომს ეფუძნება, ტექნიკური დეტალია და ნამდვილად ვერ კლასიფიცირდება ავტოპლაგიატად, მით უმეტეს, სადისერტაციო ნაშრომის დაცვის თარიღის (2001 წელი) გათვალისწინებით. ამასთან, რადგან ნაშრომი თეორიული სოციოლოგიის ფარგლებშია შექმნილი და სოციალური მოქმედების თეორიებს განიხილავს, ცხადია, რომ ის ცნობილი სოციოლოგების ნაშრომებს აანალიზებს და ამიტომ გაუგებარია მისი დადანაშაულება კომპილაციის ელემენტების არსებობაში. კომისიის შემადგენლობაში დარგის სპეციალისტი რომ ყოფილიყო, ეს მაშინვე გაცხადებული იქნებოდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ და არაობიექტურად მიგვაჩნია იაგო კაჭკაჭიშვილის დადანაშაულება ავტოპლაგიატის ჩადენაში“,-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ამირან ბერძენიშვილი, პროფესორი; ლია წულაძე, ასოცირებული პროფესორი; ლელა გაფრინდაშვილი, ასოცირებული პროფესორი; ნინო დურგლიშვილი, ასოცირებული პროფესორი; კახა ქეცბაია, ასოცირებული პროფესორი; თენგიზ ვერულავა, ასოცირებული პროფესორი; თამარ მახარაძე, ასოცირებული პროფესორი; სალომე ნამიჭეიშვილი, ასისტენტ-პროფესორი; შორენა თურქიაშვილი, ასისტენტ-პროფესორი. 

ცნობისთვის, კაჭკაჭიშვილმა 2020 წლის 21 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოფიციალურად დადასტურდა თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი. მან ილიას უნივერსიტეტიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ შარვაშიძის 2003 წლის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია.

იაგო კაჭკაკიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც თსუ-ს რექტორი, გია შარვაშიძე პლაგიატში ამხილა, მასზე შური იძიეს.

როგორც კაჭკაჭიშვილი ამბობს, რექტორის ბრძანებით, თსუ-ში შეიქმნა ეთიკის კომისია, რომელსაც მისი სადოქტორო დისერტაციის, რომელიც 2001 წელს დაიცვა, შესწავლა დაევალა.

მისი თქმით, კომისია შეიქმნა საჩივრის საფუძველზე, რომელიც უნივერსიტეტში ამ წლის დასაწყისში შევიდა. მომჩივანი დათო ნადირაძეა, რომელიც, კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, არც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელია, არც - დოქტორის ხარისხის მქონე და არც - თსუ-ის თანამშრომელია. მისი თქმით, ეს პიროვნება გია შარვაშიძის მეუღლის ორგანიზაციის თანამშრომელი და მასთან, ოჯახთან დაახლოებული პირია. პროფესორი ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები იკვეთება.


close დახურვა